
დაიცავით ბეთანიის XII-XIII საუკუნეების მხატვრობა!


სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს
უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს
ბატონ მიხეილ გიორგაძეს
როგორც იცით, ბეთანია ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ძეგლია. განსაკუთრებით ფასეულია მისი მონუმენტური მხატვრობა, რომელიც XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება, ამასთან თამარის შემორჩენილი ოთხი სახიდან (ვარძია, ბეთანია, ყინწვისი, ბერთუბანი) ვარძიასთან ერთად ბეთანიის ყველაზე უკეთ არის დაცული. სამწუხაროდ, უკვე წლებია მონასტერში მაცხოვრებელ ბერებს ზამთრობით გასათბობად ტაძარში შეაქვთ დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლის შეშის ღუმელი, რომელიც მოხატულობის სიახლოვეს ანთია, ხოლო თვითონ საკვამური მილი გამოდის ფრესკიან კედელში. დარგის ცოდნა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ გავარვარებული ღუმელი და სითბო-სიცივის ხშირი მონაცვლეობა ანაგურებს რვა საუკუნის სიძველის საღებავებსა და ზედაპირს რომელზეც დატანილია მხატვრობა (რომ არაფერი ვთქვათ, ჭვარტლზე). კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ფრესკების დაზიანებული/ნაკლული ადგილები ხელახლა შეულესავთ და გადაუღებავთ.
თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ, მისცეთ ლოცვა-კურთხევა ბერებს სხვა საშუალება მონახონ ზამთარში გასათბობად.
ბატონო მინისტრო, დაიცავით კულტურული მემკვიდრეობა და უშუამდგომლეთ საპატრიარქოს სახელმწიფოსთან, რომ მოხდეს გამათბობელი საშუალების ან ჩანაცვლება, ან სრულიად აღება.
Comment