
შეამცირეთ ტანჯვა - აამაღლეთ ქვეყნის იმიჯი!


ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ბატონო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრო,
მოგმართავთ თემაზე, რომელიც, გვჯერა, ისევე მწვავე და მნიშვნელოვანია თქვენთვისაც, როგორც ჩვენთვის, ამ პეტიციაზე ხელმომწერთათვის და ნებისმიერი ჰუმანური ადამიანისთვის, რომელთაც ხელმოწერა ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ მოახერხეს: თემა ეხება მიუსაფარი ცხოველების ჯერაც მოუგვარებლად დარჩენილ საკითხს, მიუხედავად ახლად მიღებული კანონპროექტისა, რომელიც მრავლისმომცველია და პრობლემის ბევრ ასპექტს ითვალისწინებს, თუმცა მისი ძალაში შესვლა და შემდგომ აღსრულება დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია და რეალურ შედეგზე გასვლას ბევრი წელი დასჭირდება, მაშინ როცა პრობლემა მწვავეა და გადადებას აღარ ითმენს, განსაკუთრებით კი - საქართველოს რეგიონებში. ჩვენ გვინდა პრობლემის სწრაფი მოგვარება, რისთვისაც ვითხოვთ ყველა რეგიონულ ცენტრში სასტერილიზაციო პუნქტების გახსნას!
ყველას გვიწევს საქარველოს რეგიონებში მოგზაურობისას გზის პირას მიტოვებული მშიერი, ჩონჩხადქცეული, ტანჯული ცხოველებისთვის თვალის არიდება, ან, უკეთეს შემთხვევაში, მათი ერთჯერადი კვება და დამძიმებული გულით გზის გაგრძელება. საქართველოს მოქალაქეების გარდა, ეს პრობლემა მწვავე და მტკივნეულია საქართველოში მოგზაური ტურისტებისთვისაც, რომლებიც ტკივილნარევი გაოცებით ადევნებენ თვალს ამ რეალობას, ბევრი მათგანი ცდილობს, ერთი ან ორი ტანჯული სიცოცხლე მაინც იხსნას, თან წაიყვანოს, ან კერძო თავშესაფარს სთხოვოს მიბარება. მოგეხსენებათ, ტურისტისთვის ქვეყნის იმიჯი მხოლოდ დაგებული გზით, გამართული ინფრასტრუქტურითა და კულინარიული ტრადიციებით არ იქმნება. მრავალი მათგანი უსიამოვნოდ გაკვირვებული რჩება ამ მტანჯველი რეალობით და გასაკვირი არ იქნება, თუ მათ თვალში ქვეყნის შესახებ წარმოდგენა საგრძნობლად ზიანდება და ნაკლებად მოუნდებათ აქ კვლავაც დაბრუნება, ან ვინმესთვის რჩევა.
ვფიქრობთ, ამ მნიშვნელოვანი პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება ყველა ჩვენგანის და ქვეყნის ინტერესებშია და ეფექტურად შესაძლებელიცაა ყველა რეგიონულ ცენტრში თითო (მაინც) სასტერილიზაციო პუნქტის გახსნით. ეს არის მსოფლიოში აღიარებული ყველაზე ეფექტური და ჰუმანური საშუალება პოპულაციების ეფექტური მართვისთვის, რაც ჩვენთან, სამწუხაროდ, მხოლოდ ძირითად ქალაქებში ხდება და შესაბამისად, არასაკმარისი ტემპით მიმდინარეობს - ეს ქალაქები კვლავაც მეყსეულად ივსება იმ რეგიონებიდან შემოსული ცხოველებით, სადაც სტერილიზაცია ჯერაც არ ხდება.
იმედს ვიტოვებთ, რომ ყურადღებით მოეკიდებით ჩვენი, ცხოველებისადმი ტოლერანტული ადამიანების ამ სერიოზულ სატკივარს, ისევე როგორც იმ ადამიანებისას, რომლებსაც უბრალოდ ეშინიათ ქუჩაში უკონტროლოდ მომრავლებული ცხოველების და არ დაიშურებთ ენერგიას და მცდელობას, ამ პრობლემის მოსაგვარებლად: უბრალოდ გახსენით სასტერილიზაციო პუნქტები ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, მინიმუმ ყველა რეგიონულ ცენტრში და ნახავთ, როგორ სწრაფად და სასიკეთოდ შეიცვლება ეს რეალობა!
გმადლობთ წინასწარ, ჩვენი, ხელმომწერთა სახელით და ყველა იმ ცხოველის სახელითაც, რომელიც თქვენი მცდელობის შედეგად ტანჯვას აერიდება! დაგიფასებთ კაციც და ღმერთიც!
Comment