შევამციროთ ჰაერის დაბინძურება!
საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს და მთავრობას!
ბატონებო,
მოგეხსენებათ, რომ საქართველო და განსაკუთრებით, ქ. თბილისი ფაქტიურად ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. ინტენსიური, დაუგეგმავი და ყველა ევროპული სტანდარტის უხეშად ხელმყოფი ურბანული განაშენიანება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჭარბი რაოდენობა და მათი ტექნიკური გაუმართაობა, არასაკმარისი გამწვანება - ძირითადად ამ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო, ჰაერი, რომლითაც ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები და უფრო მეტად კი, თბილისის მაცხოვრებლები - ვსუნთქავთ, არის დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის მავნე. აღნიშნულს ადასტურებს არაერთი კვლევა და ექსპერტიზის დასკვნა. ახლახანს გამოქვეყნა საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ანგარიში, რომლის თანახმადაც ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა! (წყარო: http://www.vox.com/2016/6/27/12040712/air-pollutio... და მთლიანად ანგარიში: http://www.iea.org/publications/freepublications/p... )
კარგად მოგეხსენებათ, თუ რა სისწრაფით იზრდება საქართველოში სხვადასხვა (მათ შორის სიმსივნური, რესპირატორული, ალერგიული და სხვა) დაავადებების მაჩვენებელი. აღნიშნულის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი სწორედ მავნე ეკოლოგიური გარემოა, ამ გარემოს შემადგენელი უპირველესი ელემენტი კი - ჰაერი!
საქართველოს კონსტიტუციის 37.3 მუხლის თანახმად: "ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში." თქვენ კი - როგორც საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული, სახელმწიფო ხელისუფლების განმახორციელებლი პირები - ჩვენი უფლებების დაცვის და უზრუნველყოფის გარანტია ხართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ ეფექტური ზომები საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების და კერძოდ, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით! აღნიშნული ზომების სახეები და არეალი მრავალგვარია და მათ ჩვენზე უკეთ, შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტები განსაზღვრავენ, მაგრამ ის ქმედებები, რაც ჩვენ, რიგით მოქალაქეებსაც შეგვიძლია დავასახელოთ და აუცილებლად მიგვაჩნია, რომ იქნას გატარებული, შემდეგია:
1) ურბანული განაშენიანების სათანადო, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების დადგენა, დანერგვა და მათ დაცვაზე უწყვეტი და მკაცრი კონტროლი;
2) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღებით, ძველი და ამორტიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები) ჩანაცვლება ახალი, გამართული და ეკოლოგიისთვის ნაკლებად მავნებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციების დაკისრება ჰაერის გამაჭუჭყიანებელი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისთვის;
3) არსებული მწვანე საფარის შემცირების/დაზიანების მკაცრი სანქცირება და კონტროლი და გამწვანების გრძელვადიანი და მდგრადი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, როგორც ქ. თბილისში, ისე მთელ საქართველოში.
პატივისცემით და თქვენგან სწრაფი და ეფექტური რეაგირების მოლოდინით, საქართველოს მოქალაქეები
Comment